06/12/2024
1960 წლის ნოემბრამდე, ბრიტანელებს "ლედი ჩატერლის საყვარლის" წაკითხვის საშუალება არ ჰქონდათ კანონის გამო, რომელიც სჯიდა ამორალურად მიჩნეული ნაწერების გამოქვეყნებას.
ბრიტანულმა გამომცემლობამ Penguin Books-მა გადაწყვიტა მიეღო გამოწვევა დ.ჰ. ლორენსის წიგნის სრული, უცენზურო გამოცემის დაბეჭდვით. ამის შედეგ გამართული სასამართლო პროცესი სიმბოლურად ასახავდა სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში თანდათან მწიფდებოდა, და აჩვენებდა უფსკრულს საზოგადოებასა და იმათ შორის, ვინც საკუთარ თავს დამკვიდრებული მორალის მცველებად მიიჩნევდნენ.
"ლედი ჩატერლის საყვარელი" პირველად გამოიცა იტალიასა და საფრანგეთში 1920-იანი წლების ბოლოს, მაგრამ შემდეგ აიკრძალა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიასა და იაპონიაში. სასამართლო პროცესის წინა წლებში, ბრიტანელი მწერლები და გამომცემლები მეტისმეტად შეშფოთდნენ უხამსობის ბრალდებით გასამართლებული წიგნების რაოდენობის გამო. ამ შიშების გასაქარწყლებლად, ბრიტანეთის პარლამენტმა 1959 წელს შემოიღო ახალი უხამსი პუბლიკაციების აქტი, რომელიც იცავდა "უხამსი წიგნის" გამოცემაში ბრალდებულ ნებისმიერ პირს. მათ შეეძლოთ ედავათ, რომ ნაწარმოები უნდა გამოქვეყნებულიყო თუ მას ჰქონდა ლიტერატურული ღირებულება, მაშინაც კი, თუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მისი შინაარსი შოკისმომგვრელი იყო.
"ლედი ჩატერლის საყვარელი" სკანდალურად ითვლებოდა, რადგან აღწერდა ვნებიან ურთიერთობას მაღალი წრის ქალს, ლედი კონსტანს ჩატერლისა და მუშათა კლასის წარმომადგენელ ოლივერ მელორსს შორის. რომანი შეიცავს უცენზურო სიტყვებს და სექსის დეტალურ აღწერილობებს, და ასახავს ქალის სექსუალურ სიამოვნებას. ლორენსი იმედოვნებდა, რომ სექსის, როგორც ლიტერატურაში მისაღები თემის, რეაბილიტაცია მოხდებოდა. მას სურდა "სექსუალური ურთიერთობები [რომანში] წარმოეჩინა როგორც ღირებული და ძვირფასი, და არა სამარცხვინო".
1960 წელს, Penguin-ი მზად იყო საკუთარ თავზე გამოეცადა უხამსი პუბლიკაციების აქტი. მათ მისწერეს საჯარო პროკურატურას (DPP) და გააფრთხილეს, რომ აპირებდნენ წიგნის ორიგინალური ვერსიის გამოცემას. იმავე წლის აგვისტოში, რეჯინალდ მანინგემ-ბალერმა, მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა, წაიკითხა რომანის პირველი ოთხი თავი საუთჰემპტონისკენ მიმავალ გემში და წერილი მისწერა საჯარო პროკურატურას, რომელშიც მოიწონა Penguin-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება. "იმედი მაქვს, გაამტყუნებთ," - თქვა მან.
რომანის გამოქვეყნების მხარდასაჭერად, Penguin-მა მოიწვია მრავალი ექსპერტი მოწმე, მათ შორის 35 გამოჩენილი მწერალი და პოლიტიკოსი. ჯგუფში იყო რიჩარდ ჰოგარტი, გავლენიანი აკადემიკოსი და მწერალი, რომელიც მთავარ მოწმედ ითვლებოდა. მან განაცხადა, რომ რომანი იყო არსებითად ზნეობრივი და "პურიტანულიც კი".
1960 წლის 2 ნოემბერს, ექვსდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნაფიც მსაჯულებს სამი საათი დასჭირდათ მსჯელობისთვის და მივიდნენ ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე. Penguin Books კანონის მიხედვით "უდანაშაულოდ" ცნეს.