ავტორი: ავტორთა ჯგუფი
25.00 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ამ წიგნზე მუშაობა 1994 წელს დავიწყეთ, თენგიზ აბულაძის გარდაცვალების შემდეგ. მიზეზი მარტივი იყო: აღმოჩნდა, რომ ფილმების გარდა მისი პიროვნება არსად იყო აღბეჭდილი, არც ფირზე, არც ინტერვიუებში, არც პირად არქივში, არც ჩანაწერებში. ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ თავს არ აძლევდა უფლებას, შემთხვევითი სიტყვა ეთქვა ან შემთხვევითი ჟესტი დაეფიქსირებინა, ყველაფერი გააზრებული და პასუხისმგებლობით უნდა ყოფილიყო სავსე, ამიტომაც იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს (ან გულდასმით ემზადებოდა), ტელეგადაღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. გადავწყვიტეთ, მისი ანარეკლი მოგვეძებნა მათში, ვისთანაც მეგობრობდა და მუშაობდა. სხვების თვალით დანახული თენგიზ აბულაძე დიდ მუხტს შეიცავდა, ამ მოგონებებით კი ქართული კინოს ისტორია დაიხატა („მაგდანას ლურჯადან“ „მონანიებამდე“), პერიოდი, რომელსაც „ოქროს ხანას“ უწოდებენ.
ეს საუბრები უმთავრესად 90-იანი წლებში ჩავწერეთ, როდესაც ერთი ეპოქა დასრულდა და ყველაფრის გადაფასებისა და გადააზრების დრო დადგა. ეს საუბრები მხოლოდ ბატონ თენგიზს არ შეეხებოდა გათოშილ და ჩაბნელებულ ქვეყანაში ადამიანებმა ფიქრისთვის მოიცალეს და ჩვენ წინაშე ერთობლივი მუშაობისა და შემოქმედების დღესასწაული ამობრ- წყინდა.
მერე ბევრჯერ გადაიდო წიგნის გამოცემა, მერე ვიფიქრეთ, რომ ამისთვის არავის სცალია და არც აინტერესებს.
დრო გავიდა და გაირკვა, რომ ამ საუბრებში აირეკლა ზუსტი სურათი, თუ როგორ ცხოვრობდა ქვეყანა, როგორ ფეთქავდა ინტელექტი, იბადებოდა დიდი იდეები, იქმნებოდა შედევრები, როგორ ზრდიდნენ და ერთმანეთზე გავლენას ახდენდნენ ადამიანები, ყველაფერი ერთად კი ქმნიდა ატმოსფეროს, სადაც იძერწებოდა დიდი ქართული კინო: „ვედრება“ და „ნატვრის ხე“, „შერეკილები“ და „ფიროსმანი“, „ქორწილი“ და „ქვევრი“, „ჯარისკაცის მამა“, „გზა შინისაკენ“ და სხვა და სხვა.
საუბრები კი ცოცხალი ფორმა აღმოჩნდა, კინოს ისტორიის ცოცხალი სახელმძღვანელო, სადაც უცებ შეიძლება მოისმინო გალაკტიონის აზრი „მაგდანას ლურჯაზე“ ან ანდრეი სმირნოვის აღსარება „მონანიებაზე“...
მაშ, ასე: „თენგიზ აბულაძე. ანარეკლები“.
ნანა ჯანელიძე