უძველესი წიგნი $3.8 მილიონად

06/12/2024

ზოგ ადამიანს ძველი წიგნების შეგროვება უყვარს. სხვები კი ძველისძველი წიგნების შეძენას ანიჭებენ უპირატესობას. თუ თქვენ მეორე ტიპის კოლექციონერი ხართ, გაგიმართლათ: Christie's ივნისში ერთ-ერთ უძველეს წიგნს, კროსბი-შოიენის კოდექსს გამოიტანს აუქციონზე.

ეს ტომი, რომელიც დაახლოებით 250-350 წლებში დაიწერა, სავარაუდოდ, 2.6-დან 3.8 მილიონ დოლარად გაიყიდება.

"ეს სწორედ იმ გარდამავალ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც პაპირუსის გრაგნილი კოდექსის ფორმად გარდაიქმნება," - განაცხადა Reuters-თან საუბრისას ეუჯენიო დონადონიმ, Christie's-ის უფროსმა სპეციალისტმა შუასაუკუნეებისა და რენესანსის ხელნაწერების დარგში.

"ამ წიგნში გვაქვს ბიბლიის ორი წიგნის უძველესი ცნობილი ტექსტები." 104-გვერდიანი კოდექსი პაპირუსზე კოპტურ ენაზე იწერებოდა 40 წლის განმავლობაში, აღნიშნავს Reuters-ი.

ერთი გადამწერი მუშაობდა ამ პროექტზე ზემო ეგვიპტის მონასტერში, სადაც ჩაწერა ისეთი ტექსტები, როგორიცაა პეტრეს პირველი ეპისტოლე და იონას წიგნი. 1950-იან წლებში ეგვიპტეში აღმოჩენილი კოდექსი, დონადონის თქმით, ასე კარგად შემონახულია ეგვიპტის მშრალი კლიმატის წყალობით.

კროსბი-შოიენის კოდექსის აღმოჩენის შემდეგ, ის მისისიპის უნივერსიტეტში ინახებოდა 1981 წლამდე. 1988 წელს ის შეიძინა ნორვეგიელმა კოლექციონერმა მარტინ შოიენმა, რომელიც ახლა მას Christie's-ის მეშვეობით ყიდის.  

კროსბი-შოიენის კოდექსი ნიუ-იორკში Christie's-ის ოფისშია გამოფენილი. მალე ის ლონდონში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს გაიყიდება აუქციონზე. და მიუხედავად იმისა, რომ მისი სავარაუდო ფასი (3.8 მილიონი დოლარი) შთამბეჭდავია, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც Sotheby's-მა გასულ წელს კოდექს სასონისთვის მიიღო: 1,100 წლის წინანდელი ებრაული ბიბლია 38.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მიუხედავად ამისა, კროსბი-შოიენის კოდექსი არის განსაკუთრებული ისტორიული ნიმუში, შესაბამისი განსაკუთრებული ფასით.